ჩემი პირველი რევიუ მინდა საყვარელი თემით დავიწყო და წარმოგიდგინოთ Android ოჯახის ერთ-ერთი მშვენიერი წარმომადგენელი, ეს არის ანდროიდ სმარტფონების უფროსი ძმა ანუ პლანშეტი Acer Iconia TAB, ჩემს ხელთ არსებული მოდელის ნომერია A500.

პირველი შთაბეჭდილება რაც ამ პლანშეტის ყუთიდან ამოღებისას შემექმნა ეს იყო, რომ ვიგრძენი, ხელში სერიოზული შემდგარი პროდუქტი მეჭირა, სოლიდური დიზაინით და ფორმებით. ყურადღება მიიქცია ფართო ფორმატის ეკრანმა  კომფორტული შავი პანელით მის გარშემო, რომელიც ეკრანის აღქმას საგრძნობლად აუმჯობესებს.

სანამ კონკრეტული ფუნქციონალური თვისებების განხილვას დავიწყებდე მინდა მოკლედ წარმოგიდგინოთ პლანშეტის მონაცემები, რომ შემდგომში არ მოგაწყინოთ ტექნიკური დეტალების განხილვით:

მწარმოებელი: Acer
სახელი: Iconia TAB
მოდელი: A500
ზომები: 206x177x13.3 მმ.
წონა: 730 გ.
ეკრანი: LCD პანელი 256 000 ფერით.
ინტერფეისი: Acer UI
აჩქარება: აქსელერომეტრი ეკრანის ავტომატური მობრუნებისთვის
გრავიტაცია: გიროსკოპი თამაშებისთვის
სენსორი: მოცულობითი მულტითაჩი
მიახლოება: პროქსიმიტი სენსორი ავტომატურად გამორთვისთვის
აუდიო: სტერეო დინამიკები და 3.5 მმ. ბუდე.
ოპერატიული მეხსიერება: 1  გბ.
შიდა მეხსიერება: 16/32 გბ.
დამატებითი მეხსიერება: microSD 32 გბ-მდე.
უმავთულო ქსელი: WiFi 802.11 b/g/n
Bluetoot: v2.1 A2DP  და EDR
პორტები: Micro USB და  USB 2.0
უკანა კამერა: 5 მეგაპიქსელი, ავტოფოკუსით და შუქდიოდური გაელვებით.
წინა კამერა: 2 მეგაპიქსელი.
პროცესორი: ორ ბირთვიანი 1 გიგაჰერციანი ARM Cortex-A9
ვიდეო ამაჩქარებელი: Nvidia ULP GeForce GPU
აპარატული პლატფორმა: Nvidia Tegra 2 T20
აკუმულატორი: Li-Po 3260 მა/სთ.

წინა პანელზე სრული მინიმალიზმია: არ არის არც-ერთი ფიზიკური ღილაკი, მხოლოდ ვირტუალური. შესამჩნევია მხოლოდ პატარა ფანჯარა რომლიდანაც იცქირება კამერა და ძალიან პატარა განათების სენსორი.

Iconia Tab - წინა პანელი

რა თქმა უნდა 10 დიუმიანი ეკრანი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პლანშეტში, მისი გარჩევადობა 1280×800  წერტილია, ამიტომ გამოსახულება რბილი და სასიამოვნოა. ეკრანს მშვენიერი სიმკვეთრე აქვს და გამოსახულება ყველა ლოგიკურად დასაშვები კუთხიდან მკაფიოდ ჩანს.

Acer Iconia - მთავარი ეკრანი

პლანშეტის უკანა ნაწილი შესრულებულია მუქი მეტალით, იგივე მატერიალი გადმოდის წინა პანელის ზედა და ქვედა ნაპირებზეც.

Acer Iconia - უკანა პანელი

 ტაბლეტს აქვს ორი დინამიკი, რომელიც ასევე უკანა პანელზეა მოთავსებული. მას საკმაოდ მაღალი ხმა აქვს, თითქმის ისეთი როგორც საშუალო სტატისტიკურ ნოუთბუქს. მოსმენისას ან ვიდეოს ყურებისას დინამიკის ხელით არ იფარება რაც ძალიან კომფორტულია. უკანა პანელზე ასევე არის კამერა, რომლის ობიექტივი უფრო დიდია ფრონტალურთან შედარებით.

Acer Iconia - დინამიკი

5 მეგაპიქსელი არ არის ცუდი მონაცემი, მაგრამ ფოტოგრაფიები არც ისეთი კარგი გამოდის, როგორც სხვა მოწყობილობების შემთხვევაში იგივე გარჩევადობისას. თუმცა პლანშეტით პროფესიონალური ხარისხის ფოტოების გადაღების მოთხოვნა მომხმარებლისთვის არც ისე მნიშვნელოვანია, ამიტომ ეს ფუნქცია შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ნაკლებად მნიშვნელოვანი პარამეტრი საერთო შეფასებისას.

Acer Iconia - კამერა

ის საკმარისად თხელია, რაც გამოიხატება იმაში, რომ მის გვერდითა პანელზე კომფორტულად არის განთავსებული დიდი რაოდენობის სასარგებლო პორტები. მარჯვნივ არის მოთავსებული ჩართვის ღილაკი, ყურსასმენების ბუდე და ციფრული ვიდეო პორტი საკმაოდ ეგზოტიკური ფორმატის Micro HDMI, აღსანიშნავია, რომ შესაბამისი კაბელი არ არის კომპლექტშიც რაც სამწუხაროა.

Acer Iconia - მარჯვენა გვერდი

მარცხნივ დატეულია ორივე USB პორტი: როგორც სრული ზომის USB Host ბუდე, რომელზეც შეიძლება ფლეშ დრაივების მიერთება ასევე Micro USB Slave ბუდე, კომპიუტერთან კავშირისათვის. ასევე არის წვრილი ნახვრეტი მოწყობილობის ავარიული გადატვირთვისთვის.  ასევე არის დამტენი მოწყობილობის პორტიც, რომელიც გვერდითა პანელის ზედა ნაწილშია მოთავსებული.

Acer Iconia - მარცხენა გვერდი

ზევით განთავსებულია ხმის რეგულაციის ღილაკი და პატარა სლაიდერი, ეკრანის ორიენტაციის დაფიქსირებისთვის.  იქვე არის პლასტმასის ხუფი, რომლის ქვეშაც მოთავსებულია microSD ბარათების სლოტი. იქვე არის პლომბით დაცული განყოფილებაც, სადაც 3G მოდელებისთვის დატოვებულია სივრცე SIM ბარათის სლოტისთვის.

Acer Iconia - ზევით

Acer Iconia - ზევით ღილაკები

ქვედა მხარეს არის მოთავსებული Acer-ის სტანდარტული დოკ კონექტორი, სამწუხაროდ კომპლექტში დოკი არ მოყოლია, ამიტომაც მასზე მეტი არაფრის თმა არ შემიძლია.

Acer Iconia - დოკის კონექტორი

განსხვავებით სხვა პლანშეტებისგან,  რომლებსაც იგივე დიაგონალის ეკრანი აქვთ Acer Iconia TAB უფრო დიდად გამოიყურება, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სხვა პლანშეტებში გამოიყენება მატრიცა შეფარდებით 16:9, ხოლო Iconia-ში ის 16:10 შეფარდებითაა, რაც კიდევ უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის სამომხმარებლო ინტერფეისს.

ინტეფეისი მარტივი პარამეტრებით

აღსანიშნავია, რომ ეკრანის ჩარჩო საკმაოდ დიდია, რაც კლავიატურით სარგებლობისას გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. ზოგიერთ შეუძლებელია ნაპირზე ხელის მოშორების გარეშე ეკრანის ცენტრალურ ზონაში გადასვლა, რაც ხელს ძაბავს, თუმცა პორტრეტულ რეჟიმში კლავიატურით სარგებლობა ძალიან კომფორტულია, რაც გარკვეულწილად აკომპენსირებს აღნიშნულ პრობლემას.

კლავიატურა

Iconia Tab მუშაობს Android 3.0 Honeycomb ოპერაციული სისტემის მართვის, ქვეშ, რაც ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. Honeycomb არის Google-ის მიერ წარმოებული უახლესი ოპ. სისტემა მობილური მოწყობილობებისთვის, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მულტიმედიური ფუნქციონალით. აქვს მდიდარი პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარი და უამრავი უფასო და ფასიანი პროგრამა თუ თამაში.

პროგრამების მარკეტი

მოწყობილობის ჩართვისა და ქსელში მიერთების შემდეგ სისტემამ ავტომატურად შემომთავაზა ახალ ვერსიამდე განახლება, რასაც სიხარულით დავეთანხმე, რამოდენიმე წუთში ჩემს წინაშე პლანშეტური Android-ის უფრო ახალი 3.1 ვერსია წარსდგა ჩემს წინაშე. წინა ვერსიისგან განსხვავებით სისტემა გაცილებით უფრო სწრაფია და გამოსწორებულია ზოგიერთი უსიამოვნო შეცდომა რაც პირველ ვერსიაში ფიქსირდებოდა.

მთავარი ეკრანი

რაც შეეხება ქართული ენისა და კლავიატურის მხარდაჭერას. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, სისტემურად ქართული ენის მხარდაჭერა, როგორც ნებისმიერ სხვა Android პლანშეტში გათვალისწინებული არ არის, ასევე შეუძლებელია ქართული კლავიატურით სარგებლობა. თუმცა მე მოვძებნე საშუალება დამეყენებინა ქართული შრიფტი და კლავიატურა მას შემდეგ რაც მოვახდინე პლანშეტის root პროცედურა და ჩავწერე ქართული შრიფტისა და კლავიატურის შესაბამისი ფაილები ოპ. სისტემის შესაბამის კატალოგებში.

ქართული შრიფტი

რაც შეეხება Acer-ის მიერ მოწოდებულ სამომხმარებლო ინტერფეისსა და წინასწარ დაყენებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. სისტემის ინტერფეისე არც ისე განსხვავდება სტანდარტული Honeycomb-ის ვარიანტებისაგან. პლანშეტზე წარმოდგენილია მულტიმედია ცენტრი celar.fi, რომელიც ძალიან ელეგანტურად გვაძლევს საშუალებას დავათვალიეროთ ჩვენს მიერ გადაღებული ანდ ინტერნეტიდან ჩამოტვირთული სურათები და ვიდეოები, ასევე მოვუსმინოთ თითქმის ნებისმიერი ფორმატის მუსიკას. ასევე არის წიგნების თარო, სადაც შეიძლება ვისარგებლოთ როგორც LumiRead ასევე kobo ელ წიგნების მაღაზიებით.

წიგნების თარო

მესიამოვნა როცა თამაშებში საჩუქრად დამხვდა Let’s Golf, NFS Shift და Hero of Sparta. დამატებითი თამაშების შეძენა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც Android Market-დან ასევე TegraZone-დანაც, რაც ამ პლანშეტის აპარატული პლატფორმის დამსახურებაა.

NFS Shift

მულტიმედიური პროგრამებიდან, თქვენ დაგხვდება YouTube, MusicA, Photo Browser 3D, AUPEO პერსონალური რადიო, Nemo მედია დამკვრელი და ზემოთ ხსენებული clear.fi.

Youtube

არის სოციალურ ქსელებთან სრული ინტერგრაციის საშუალებაც, Acer SocialJogger-ის საშუალებით რომელსაც აქვს Facebook და Twitter-ის მხარდაჭერა. აის Facebook-ის Web  კლიენტი და Google Talk მესინჯერი. მოწყობილობაზე არის მედია სერვერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ლოკალურ ქსელში გავაზიაროთ ჩვენი მედია ბიბლიოთეკა: ფოტოების ვიდეოები და მუსიკა. კიდევ ერთი საინტერესო რამ, პროგრამებს შორის აღმოვაჩინე Movie Studio-რომელიც საშუალებას იძლევა ელემენტარულ დონეზე დავამონტაჟოთ ვიდეო რგოლები, რასაც საკმაოდ კომფორტულად და სწრაფად აკეთებს.

რა დასლვნების გამოტანა შეიძლება ამ ყველაფრის განხილვის შემდეგ? ამ პლანშეტთან რამოდენიმე დღის ურთიერთობის შემდეგ გამოვლინდა გარკვეული თავისებურებები:

  • ის საკმაოდ მსუბუქია და მისი ტარება არ წარმოადგენს დიდი პრობლემას.
  • არ სრიალებს ხელში და მისი დაჭერა თამამად შეიძლება ისე რომ არ დავარდნის არ შეგვეშინდეს.
  • ეკრანი თვალებს არ ღლის, ავტომატური განათების სენსორი კორექტულად მუშაობს და პირდაპირ მზის შუქზეც ნორმალური და მისაღები გამოსახულება აქვს.
  • აკუმულატორის მუხტი შთამბეჭდავია, ერთი დღის განმავლობაში საშუალო სიხშირით პლანშეტის გამოყენებისას მისი მუხტი 40% მდე ჩამოვიდა შუაღამისკენ, რაც საშუალოზე უკეთესი მაჩვენებელია ამ კლასის მოწყობილობებში.
  • პროგრამებთან მუშაობისას შეიმჩნევა ოდნავი შენელება, განსაკუთრებით ბრაუზერში JavaScript-ის შესრულებისას ძალიან ნელა იკრიფება ტექსტი კლავიატურაზე.
  • გრაფიკული პროცესორის მუშაობისას არ შეიმჩნეოდა არანაირი პრობლემა, ტესტის სახით გამოიყენებოდა კომპლექტში შემავალი Need For Speed Shift, რომელიც უპრობლემოდ თამაშობდა.
  • ფოტოგრაფირების ხარისხი საშუალოზე დაბალია, ნორმალური ხარისხი აქვს წინა კამერას, რომელიც ვიდეო კონფერენციებისთვის არის განკუთვნილი. ჩაშენებული მიკროფონიდან ჩაწერილი ხმა საშუალო ხარისხისაა რაც კამერასთან ერთად სრულიად საკმარისია ონლაინ კონფერენციებისთვის.

Acer Iconia Tab A500 საშუალო კლასის პლანშეტია Android 3 ოპერაციული სისტემის ბაზაზე, რომელიც განკუთვნილია ფართო ბაზრისათვის, ის განკუთვნილია ნებისმიერი პროფილის მომხმარებლისათვის. ამართლებს მასზე სტანდარტულად დაკისრებულ ყველა დავალებას მისაღები ხარისხით და სიჩქარით. სიამოვნებით ვიქონიებდი აღნიშნულ პლანშეტს, ყოველდღიური ონლაინ საქმიანობისთვის, სოციალური ქსელებისა და კონფერენციებისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ელ-წიგნი მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მასზე დოკუმენტების რედაქტირებაც და შემდგომ პრეზენტაციის მოწყობაც არის შესაძლებელი HDMI პორტის წყალობით. შეფასების 10 ბალიან შკალაზე მას ღირსეულად შეიძლება მივანიჭოთ 7.5.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.